საქართველოს ეროვნული ჰერბარიუმი

მოკლე მიმოხილვა

 

საქართველოს ეროვნული ჰერბარიუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულია; იგი შეტანილია საერთაშორისო საჰერბარიუმო სისტემაში (Index Herbariorum) და მინიჭებული აქვს კოდი " TBI". მისი, როგორც ეროვნული საგანძურის მნიშვნელობა განისაზღვრება შემდეგით:

  • მცენარეთა და სოკოთა საჰერბარიუმო კოლექციები, რომელთა საერთო რაოდენობა აჭარბებს 1,000,000-ს და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საფუძველს საქართველოსა და კავკასიის მცენარეთა სამყაროს (ჰაბიტატებისა და ცალკეული სახეობების გავრცელების არეალის ჩათვლით) ყველა მიმდინარე და მომავალი კვლევისათვის და მცენარეული რესურსების გამოყენების შემსწავლელი პროექტებისათვის
  • საქართველოს მცენარეთა რესურსების უნიკალური ისტორიული დოკუმენტაცია, რომელიც შექმნილია კავკასიისა და საქართველოს ფლორის აღიარებული მკვლევარების - ი. მედვედევის, ვ. ლიპსკის, ნ. ალბოვის, დ. სოსნოვსკის, ი. ვორონოვის, ა. გროსჰეიმის და სხვათა მიერ
  • აუთენთური საჰერბარიუმო ფურცლების უნიკალური კომპლექტი

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ჰერბარიუმების თანამშრომლების მიერ ჩატარებულია ინტენსიური სამუშაოები საჰერბარიუმო მასალების აციფრვისა და კოლექციების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად (ვირტუალური ჰერბარიუმის სახით) ინტერნეტის მეშვეობით. ამ საქმიანობის მნიშვნელობა დიდია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

  • გაადვილდება საჰერბარიუმო მასალების დათვალიერების ხელმისაწვდომობა, რითაც მოხდება მათი დაცვა ფიზიკური შეშფოთებისა და ინტენსიური გამოყენებისაგან; ვირტუალური ჰერბარიუმი ხელს შეუწყობს ფასეული საჰერბარიუმო მასალის გაადვილებულ გამოყენებას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მიერ (სხვადასხვა დარგის ექსპერტები, ცალკეული მცენარეთა ჯგუფების მონოგრაფები)
  • ვირტუალური ჰერბარიუმი ინტენსიურად იქნება გამოყენებული კავკასიის რეგიონში მცენარეთა და სოკოების სხვადასხვა ჯგუფების გეოგრაფიული, ეკოლოგიური და ვერტიკალური გავრცელების გასაანალიზებლად (კავკასიის რეგიონი საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი, მსოფლიოში არსებულ ბიომრავალფეროვნების ოცდახუთ ცხელ წერტილთაგან)
  • ვირტუალური ჰერბარიუმი შექმნის საუკეთესო ბაზისს საქართველოს და კავკასიის წითელი ნუსხებისა და წიგნებისათვის, ასევე, პროექტის შესრულების შედეგად გაადვილდება ინვაზიური და ეგზოტური სახეობების გავრცელების კანონზომიერების დადგენა და მცენარეთა თანასაზოგადოებების შერჩევა ეკოლოგიური შესწავლისათვის
  • საიმედო ინფორმაციის წყარო სამთავრობო უწყებებისთვის, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სტუდენტებისა და ეკოლოგებისთვის (აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია გამოყენებული იყოს გადაწყვეტილებების მისაღებად სხვადასხვა მასშტაბის განვითარების პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში)
  • უმნიშვნელოვანესი საფუძველი მცენარეთა სხვადასხვა ჯგუფების სარკვევებისა და გზამკვლევების მოსამზადებლად (გასათვალისწინებელია უკანასკნელ ათწლეულში ეკოტურიზმის მნიშვნელოვანი ზრდა კავკასიის რეგიონში. ამის მიუხედავად, დღემდე არ შექმნილა მეცნიერულად სანდო, ორენოვანი ცნობარები კავკასიის უნიკალური ფლორის შესახებ)
  • ისტორიულ კოლექციებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება მცენარეთა ცალკეული ჯგუფების, მათ შორის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი სახეობების, გავრცელების კანონზომიერებისა და სიმრავლის ანალიზი

დღეისათვის განხორციელებულია 32,000 საჰერბარიუმო ფურცლის აციფრვა და მონაცემთა ბაზაში შეტანა. მონაცემთა ბაზა დაეფუძნება BRAHMS-ის (ბოტანიკური კვლევის და ჰერბარიუმის მენეჯმენტის აბრევიატურა) ვერსიას, რომელიც ფართოდ გამოიყენება მსხვილი საჰერბარიუმო კოლექციების მონაცემთა ბაზების შესაქმნელად.